მზე

ვუძღვნი ჩემი მეგობრის, გულდა კალაძის ხსოვნას.
მან პირველმა დამანახა ზღვაში ჩამავალი მზის ქიმზე მწვანე შუქი. იგი დილის 6 საათზე ამობრძანდა და ოქროს ჯიღასავით დაადგა ერცახუს მთას.

– გამარჯობა, ერცახუ!
– სადა ხარ, შემოქმედო, დავილიე შენს ლოდინში! – შესჩივლა ერცახუმ.
– მოვედი! – თქვა მზემ.
– ყინვის სალტემ ლამის თავის ქალა ამხადოს, სუნთქვა მეკვრის, ჩემს თვალს მთელი ღამე რული არ უნახავს, მიშველე!
– ახლავე! – მზემ ოდნავ აიწია. დისკო შარავანდედით შეიმოსა და უცებ იმდენი ნათელი დაღვარა, რომ მყინვარი შეტორტმანდა. ყინულის სალტემ გაიჭრიალა, მერე ნელ-ნელა დაიძაბა, დაიძაბა და უცებ გასკდა. ერცახუს შეაჟრჟოლა.
– დაილოცოს შენი ძალა, შემოქმედო! – აღმოხდა მყინვარს და შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა. მზეს გაეღიმა და ღვთიური თვალის გარშემო უთვალავი ნაოჭი გაუჩნდა.
– დაილოცა შენი ძალა! – გაიმეორა ერცახუმ და წუთით გაყუჩდა. მზემ ისევ აიწია. კავკასიონის კალთები, ნაპრალები, ხევები ზათქით, გუგუნითა და თავაწყვეტილი ზვავების შემზარავი გრიალით აივსო.
ერცახუ ორთქლსა, ნისლსა და ავარდნილი თოვლის ბუღში გაეხვია. მერე ნელ-ნელა გამოჩნდა, თვალი გამოახილა და შემკრთალი მზერა გააპარა მზისკენ. მზე უფრო მაღლა ასულიყო.
– დაიწყო! – თქვა ერცახუმ ყრუდ.
– რა? – დაინტერესდა მზე.
– დაბადება!
– ვისი?
– შვილების, ბადიშების: კოდორის, ფსოუს, კელასურის, მოქვის, ღალიძგის, ჩალბაშის, მაჭარას, ქეთევანას…
– სუყველა შენია? – ჰკითხა მზემ ისე, თითქოს არ იცოდა.
– ჩემი და ჩემი ძმების.
– გამრავლდით! – დალოცა მზემ.
ახლა ერცახუს გაეღიმა.
– ჩვენ პირიქითა ვართ, შემოქმედო, შვილი უამრავი გვყავს, ბადიში
– ნაკლები, იმათი შვილები
– კიდევ უფრო ნაკლები და ბოლოს ერთი უზარმაზარი ნაგრამი
– ზღვა!
კავკასიონის ფერხთით თვალუწვდენელ, გაუთავებელ და უსასრულო ზღვას ეძინა.
– ზღვა! – გაახსენდა მზეს. ერცახუმაც გადმოხედა მისსა და მის ძმათა ნაგრამს, ახლა იგი ნისლიდან ამომართული და მზით გაჩახჩახებული, წელზევით გახდილ გოლიათს ჰგავდა.
პატარა ბიჭმა თხა გადადენა ეზოდან. ჭიშკარი რომ მოიხურა და ოდისაკენ შემობრუნდა, უცებ აღმოსავლეთით ვეებერთელა მზე და ერცახუ ერთად დაინახა.
– დედა, შეხედე მზესა და ერცახუს! – დაიძახა.
დედა ჯარგვალში ცეცხლზე შემომდგარ რძეს დარაჯობდა. შვილის ხმაზე წამით გაიხედა აღმოსავლეთისაკენ და იმ წამში რძე გაექცა.
– შენ არ გაეზარდე შენს დედას! – დაწყევლა დედამ, მაგრამ მზეს და ერცახუს თვალი მაინც ვერ მოსწყვიტა.
– რა იყო, დედაკაცო, ბავშვს გაღვიძებას რომ არ აცლი! –უსაყვედურა ქმარმა.
– ერცახუს გახედე. – უპასუხა ცოლმა.
გლეხი სიმინდს თოხნიდა. თვალი მოჭუტა და ისე გახედა შეჩვეულ სასწაულს.
– დღეს კარგი დარი იქნება. – თქვა ცოლის გასაგონად და თოხნა განაგრძო.

* *
მზე რომ თავს წამოადგა, ზღვა თვლემდა და თეთრ წამწამებს შრიალით აფახურებდა ქვიშაზე.
– შშშრრრრ… შშშრრრრ… შშშრრრრ…
– დილა მშვიდობისა!
– იცოცხლე!
– რასა იქმ?
– ადამიანი დამეხრჩო სამი დღის წინ, სადღაც უბეში დამეკარგა, ძალიან ვღელავდი, ვაითუ ვერ ვიპოვო-მეთქი. გუშინ ვიპოვე და აი, დავწყნარდი, მოვისვენე.
– ვინ იყო? – დაინტერესდა მზე.
– არ ვიცი, ეტყობა, არავინ, არც უძებნიათ, მე თვითონ გავრიყე და შემდეგ იპოვეს. ორმა იპოვა და ორმა წაიღო. სად, არც ის ვიცი.
– რატომ? – ჰკითხა მზემ.
– მე ხომ შენსავით ვერ ავდგები და თან ვერ გავყვები ადამიანს!
– გაეღიმა ზღვას.
– დაიწყო! – თქვა მზემ.
– რა? – დაინტერესდა ზღვა და ქუთუთოები მაღლა ასწია.
– ადამიანები მოვიდნენ.

* *
ადამიანები თითო-თითოდ ან ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ ზღვისპირას. იხდიდნენ ტანზე. მერე წვებოდნენ მზისგულზე, დარბოდნენ, გორაობდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ, იჭერდნენ, ლამაზ კენჭებს, ნიჟარებსა და გახვრეტილ ქვებს ეძებდნენ, გულზე იკიდებდნენ, ზღვის გამორიყულ ფიჩხს წვავდნენ. ან, უბრალოდ, იდგნენ და ზღვაში ქვებს ისროდნენ. ბოლოს კარვებს, ქოლგებს, ზეწრებს შლიდნენ და მზეს ემალებოდნენ. ამ დროს მზე ვერ ხედავდა მათ.
– საოცარია, ვიდრე არ ვარ, კვირაობით დგანან, ცას შეჰყურებენ და სასოებით მელიან. გამოვჩნდები თუ არა, წამსვე ქუდების, ქოლგების, ზეწრების, კარვების, ხეებისა და კიდევ ვინ იცის, რის ქვეშ მემალებიან.
– თქვა მზემ.
– სხვას რას აკეთებენ წაღმართს? – ჰკითხა ზღვამ.
მზემ კიდევ უფრო მაღლა აიწია და მის თვალში ადამიანები სულ დაპატარავდნენ.

* *
ქვის ყორეშემოვლებული აგარაკის ეზოდან მოხუცი კაცი გამოვარდა და ძუნძულით გაჰყვა შარას. იგი სხვა აგარაკის ჭიშკარს მიადგა, მუხლმოკვეთილი დაეშვა ჭიშკართან დაგდებულ დიდ ქვაზე და დაიძახა:
– გამოდი, ადამიანო, შვილი მიკვდება!
ადამიანი გამოვიდა და ანუგეშა:
– ნუ გეშინია!
– რაღა ნუ მეშინია, დალოცვილო, კვდება!
მაშინ ის მეორე ადამიანი ადგა და სულ სხვა მიმართულებით გაიქცა და ბევრი სხვა ადამიანი მოიყვანა. იმ ბევრ ადამიანს სამი გამოეყო და ავადმყოფთან შევიდა.
– პროფესორებია! – თქვა ვიღაცამ.
– რას მელაპარაკები?!
ეზოში იმედი და დუმილი ერთად დაიბადა.
– რას უჩივით? – ჰკითხა პირველმა ექიმმა ავადმყოფს და თვითონვე შერცხვა ნათქვამის.
ავადმყოფი ყველაფერს უჩიოდა, ოღონდ ვეღარ ამბობდა.
– რამდენი დღეა ასე? – ჰკითხა მეორე ექიმმა ახალგაზრდა, შეშინებულ ქალს და მასაც შერცხვა, რადგან იცოდა, ავადმყოფი უკვე რამდენიმე წელია ამ დღეში იმყოფებოდა.
– ჰაერი! – ითხოვა ავადმყოფმა.
ფანჯრები გააღეს.
– უკანა კარი მიხურეთ, თორემ გამჭოლი ქარია და გაცივდება. – თქვა მესამე ექიმმა და მიხვდა, რომ ყოველივე ეს იმიტომ თქვა, რომ შემდეგ არ ეთქვათ – იმ მესამემ არაფერი არ თქვაო. მიხვდა და მასაც შერცხვა.
– გააღეთ ყველა კარი, ფანჯარა, აყარეთ ჭერი, იატაკი, გაანგრიეთ ოთხივე კედელი და მომეცით ბევრი, ბევრი ჰაერი…
შუა ოთახში ახალგაზრდა ცოლისა და მეგობრის მხრებზე დაყრდნობილი გოლიათი ავადმყოფი ბორგავდა და შეშინებული თვალებითა და დამშეული ფილტვებით კაცობრიობის სამყოფ ჰაერს ითხოვდა.
მამამ პირველი ექიმი გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა:
– რა გვჭირს, ბატონო ექიმო?
– მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ თუ დროზე მივხედავთ… – იცრუა პირველმა ექიმმა.
დაიმედებული მამა მეორე ექიმს მიუბრუნდა.
– თუ სასწრაფოდ მოსკოვში გადავაფრენთ… – იცრუა მეორემაც.
– რა ჰქვია ამ ოხერ ავადმყოფობას? – ჰკითხა ახლა მესამე ექიმს მამამ.
– სიკვდილი! – წამოსცდა მესამე ექიმს.
– რა ბრძანეთ? – მამამ იფიქრა მომესმაო.
– სიკვდილი! – გაიმეორა მესამე ექიმმა.
– კი მაგრამ, წამლები?… – დაიბნა მამა.
– ამ ავადმყოფობის წამალი სიკვდილია! – მესამე ექიმმა ქუდი დაიხურა და წავიდა. პირველი და მეორე ექიმიც თან გაჰყვნენ.
– რაო? – ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა ოთახში შებრუნებულ მამას.
– გადარჩებაო, – თქვა მამამ.
– რა ამბავია? – ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
– ადამიანი კვდება! – უპასუხა მზემ.
– ასე უბრალოდ, კვდება და მეტი არაფერი? – ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
– ექიმებმა უკვე მიატოვეს. – თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
– შენ ნუ მიატოვებ, – უთხრა ზღვამ.
– როგორ თუ ნუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! – გაუკვირდა მზეს.
– ნუ მიატოვებ. – გაუმეორა ზღვამ.
– მე რას ვუშველი, კვდება. ესეც არ იყოს, ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
– შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ, ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ! – სთხოვა ზღვამ.
– არ შემიძლია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ხვალ ზუსტად ამ დროს მოვიდე კვლავ. – იმართლა თავი მზემ. ოთახიდან გავიდა, აივნის მოაჯირს გადაალაჯა და წავიდა.
– მიდიხარ? – ჰკითხა ზღვამ.
– მივდივარ! – უპასუხა მზემ უკანმოუხედავად.

* *
– სიყვარული ადამიანთა ერთმანეთთან უზომოდ მიჩვევა და სიახლოვეა, მეტი არაფერი! – თქვა ვაჟმა და პლაჟზე გასაშავებლად გულაღმა გაშოტილ ქალს ჭიპზე თეთრი, თბილი ქვა დაახურა.
– თქვენ ასე გგონიათ? – ჰკითხა ვაჟს თვალდახუჭულმა ქალმა და ლამაზი თითების მომხიბვლელი მოძრაობით ქვა მუცლიდან გადმოიგდო.
– გავიდა ხუთი კალორია, გადაბრუნდით! – გამოაცხადა ხრინწიან რეპროდუქტორში პლაჟის საექიმო პუნქტმა. გოგონა გადაბრუნდა.
– მგონია კი არა, ასეა! – უპასუხა ვაჟმა და ახლა ორთავე თეძოზე ჩაზნექილ მომხიბვლელ ორმოებში, სწორედ იმ ორმოებში, ღვთის ყავარჯენს რომ ეძახიან, ჩაუწყო ქვები. გოგონა არ განძრეულა.
მაშინ ვაჟმა კისრის მალიდან ვიდრე კუდუსუნის მალამდე დაუსვა ათრთოლებული ხელი. გოგონა სასწრაფოდ წამოჯდა. შავი ტუშით დამძიმებული ქუთუთოები ასწია და ცისფერი თვალები მიანათა ვაჟს.
– თქვენ რა ჩქარი ყოფილხართ! – უთხრა ქალმა.
ვაჟმა ახლა ნახევრად გაშიშვლებულ უბეში ჩახედა ქალს და ყავისფერი ძუძუსთავები დაინახა.
– მეე? – ჰკითხა ქალს სულელივით.
– თქვენ. – უთხრა ქალმა და მზეს ახედა. მზემ ვერ გაუძლო ცდუნებას და ავხორცად დაუსვა ქალს მხრებზე და თეძოებზე გავარვარებული ხელები. ქალი შეწუხდა. უცებ ადგა, აიმართა, აიზიდა, აიშოლტა.
ახლა მკერდზე შეახო მზემ ხელები.
– გამოუშვი. – სთხოვა ზღვამ მზეს. მზემ გაიცინა და შუბის წვერზე დადგა.
– გამოუშვი! – გაუმეორა ზღვამ თხოვნა.
– მიიღე! – უთხრა მზემ ზღვას და ქალს ხელი ჰკრა. ქალი ზღვაში გადავარდა. ათასი აღგზნებული, ანთებული და ხარბი თვალი გადაჰყვა ქალს ზღვაში.
– სიცოცხლეა! – თქვა ქალმა, ზღვაზე გულაღმა გაწვა და მზეს ახედა.
– სიცოცხლეა! – დაუდასტურა მზემ.

* *
– აქ გაიხადეთ, მამაო, ნაკლები ხალხია. – უთხრა მილიციელმა ახალგაზრდა მღვდელს, ქვიშაზე დაეშვა და სალოკი თითით შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა. მღვდელმა აქეთ-იქით გაიხედა, იასამნისფერი ჩაჩი მოიხადა, ქვიშაზე დააგდო, ყელიდან ვერცხლის უზარმაზარი ჯვარი მოიხსნა, ჩაჩის გვერდით დადო და ზედ თეთრი ანაფორა გადააფარა.
– ბარემ სინოპის პლაჟზე გვებანავა, ამაზე მეტი ხალხი არც იქ ყოფილა. – ნახევრად წყენითა და ნახევრად ირონიით თქვა მღვდელმა.
– უხალხო ზღვას ახლა ვერსად ვერ ვნახავთ, მამაო, – წყენითვე უპასუხა მილიციელმა და მანაც დაიწყო ტანთ გახდა, თან გულში თავის უფროსს შეუკურთხა, რაღა მე გამომიშვი ამ უპატრონოს მწყემსადო. ზღვაში პირველი მილიციელი შევიდა.
– თბილია? – ჰკითხა მღვდელმა.
– ჩამოდით, მამაო, მდუღარეა. – უპასუხა მილიციელმა და დასაყვინთად გაემზადა.
– ამოდი, თუ ძმა ხარ, ესენი მოაცილე ამ ჯვარსა და ანაფორას, რაღაც ულამაზოა მაგათი ასე გვერდიგვერდ ყოფნა. – უთხრა მღვდელმა
და თავისი ტანსაცმლის გვერდით დაგდებულ მილიციელის ქუდსა და რევოლვერს ირიბად გადახედა.
მილიციელი უხალისოდ ამოძვრა ზღვიდან და ქუდს შარვალი გადააფარა, ხოლო რევოლვერს – ხაკის ხალათი.
– ასე ივარგებს? – ჰკითხა მღვდელს.
– რად გინდოდა, რომ მოგქონდა? – კითხვაზე კითხვით უპასუხა მღვდელმა და ცალი ფეხი ჩაყო ზღვაში.
– რა ვქნა, მამაო, ჩემი ჯვარი ეგ არის. – გაუცინა მილიციელმა და ხელით მოსინჯა ხალათის ქვეშ რევოლვერი.
– სატანის ჯვარია ეგ! – გადაისახა ახალგაზრდა მღვდელმა პირჯვარი და წყალში დაყვინთა. თავი რომ ამოყო, თვალები დახუჭული ჰქონდა და სიამოვნებისაგან სახე უცინოდა.
– სიცოცხლეა! – თქვა მან. მკერდზე ოქროსჯვარდაკიდებული, შავწვერმოშვებული და მხრებზე სველთმადაფენილი ახლა იგი შინიდან გაქცეულ ჰიპს ჰგავდა, მილიციელი კი მეტისმეტად ზრდილ, ზომაზე გაკრეჭილ და სუფთად გაპარსულ, წესიერი ოჯახის შვილს.
– შეხედეთ, მამაო, ის გოგონები როგორ გიყურებენ! – გაახედა მილიციელმა. მღვდელმა თვალი გაახილა. მათგან მოშორებით გახდილი, გათქვირული გოგონები იდგნენ და ახალგაზრდა მღვდელს თვალებს უჟუჟუნებდნენ.
– ამათ მე ბერი ხომ არ ვგონივარ? – ჰკითხა მღვდელმა მილიციელს. მილიციელს გაეცინა.– მწყერივით გოგოებია, ასეთ მწყერს გაუპუტავადაც მიირთმევდა კაცი, რას იტყვი, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა.
– ცოდვა გამხელილი ჯობია. – თქვა მღვდელმა, მერე თვითონაც გაიცინა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მილიციელად რომ წავიდა. – გაიფიქრა მღვდელმა და ზღვაში შეცურა.
– რა კარგი ბიჭი ჩანს ეგ მამაძაღლი, ნეტავი რა გაუჭირდა ისეთი, მღვდლად რომ წავიდა. – გაიფიქრა თავის მხრივ მილიციელმა და ზღვაში შეცურა.
– ცოლ-შვილი გყავს, მამაო? – ჰკითხა, ახლოს რომ მიცურდა.
– არა! – იცრუა მღვდელმა და დაყვინთა.
– სულიწმიდა ხარ? – გაეხმაურა მილიციელი მღვდელს, თავი რომ ამოყო წყლიდან.
– სულიწმიდა ერთია ქვეყანაზე. – უპასუხა მღვდელმა და გულაღმა დაწვა ზღვაზე.
– აკი სამიაო?! – ნიშნისმოგებით უთხრა მილიციელმა.
– ვინ სამი? – ჰკითხა მღვდელმა და გადმობრუნდა.
– მამა, ძე და სულიწმიდა! – თქვა მცოდნე კაცის სიამაყით მილიციელმა.
– ეგ სამივე ერთია, ბიჭო! – უთხრა მღვდელმა.
– როგორ შეიძლება სამივე ერთი იყოს, მამაო? – აგდებულად ჰკითხა მილიციელმა.
– მზეს ხომ ხედავ, მზეც სამებაა – დისკო, შარავანდედი და ნათელი. აი, როგორც ესენია განუყოფელი და წარმოუდგენელია მათი ცალ-ცალკე ყოფნა, ისე წარმოუდგენელია ცალ-ცალკე სამებაც, გაიგე?
– ჰკითხა მღვდელმა.
– კი, შენ თუ თქვი და მე თუ დაგიჯერე, – თქვა მილიციელმა.
მღვდელმა ხმა არ გასცა, ზღვიდან ამოვიდა და ცხელ ქვიშაზე დაჯდა.
– რა გქვია, მამაო? – ჰკითხა მილიციელმა უცებ.
– ნოდარი. – მღვდელმა კენჭი აიღო და ზღვაში ისროლა. მილიციელს სიცილი აუვარდა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა გაოცებულმა მღვდელმა.
– მე ვთქვი, ან ონოფრე, ან იობი, ან ლუკა, ან კალისტრატე ერქმევა-მეთქი, ამას კი ნოდარი ჰქვიებია. – სულ ჩაბჟირდა მილიციელი. მღვდელსაც გაეცინა, მერე ადგა და მილიციელს მხარზე ხელი დაჰკრა.
– ეგ ჩემი საერო სახელია, გეყოფა, ჩაიცვი!
– ცოტაც ვიყოთ, მამაო! – შეეხვეწა მილიციელი.
– კონფერენცია დაიწყება, თორემ ახლა აქ ყოფნას რა ჯობია! – თქვა მღვდელმა და ჩაცმა დაიწყო. მოსახვევში შავი „ვოლგა“ გამოჩნდა და მათკენ დაიძრა. – აჰა, აკი გითხარი, მანქანაც მოვიდა.
– ცოტაც, მამაო!
– ვინ ოხერი, სიტყვა რომ არ მქონდეს სათქმელი! – სინანულით გაშალა მხრები მღვდელმა და ანაფორაზე ის უზარმაზარი ვერცხლის ჯვარი ჩამოიკიდა. ახლა იგი კვლავ მღვდელი იყო, მაგრამ მილიციელმაც რომ ჩაიცვა და გვერდით ამოუდგა, რატომღაც პატიმარს დაემსგავსა.
– არ დაგვწვა ამ უპატრონომ? – თქვა მილიციელმა და მზეს გახედა.
– მზეზე ამბობ მაგას? – ჰკითხა მღვდელმა.
– აბა, მთვარეზე? – თქვა დასიცხულმა მილიციელმა.
– ახლავე პირჯვარი გადაისახე და თქვი, ღმერთო შეგცოდეო! – უთხრა მღვდელმა მკაცრად.
მილიციელმა გაკვირვებით შეხედა მღვდელს, ვინმეში ხომ არ ვეშლებიო და ვარსკვლავიანი ქუდი ორივე ხელით შუბლზე მაგრად ჩამოიჩაჩა. მღვდელი მიხვდა თავის შეცდომას და ახლა დაყვავებით აუხსნა:
– მზეს არ ეკადრება ეგ, მზე ხატია მზიანი ღამისა, – თან სასოებით ახედა მზეს.
– მზიანი ღამე რაღა ოხრობაა? – ჰკითხა თავის მხრივ მილიციელმა.
მღვდელი გაშრა.
– ღმერთო, შეუნდე ცოდვილს, რამეთუ ბრიყვია, უმეცარი და არ ესმის, რას ლაპარაკობს, – შეავედრა უფალს მილიციელი მღვდელმა.
– მაინც რა არის მზიანი ღამე? – ჩააცივდა მილიციელი.
– ღმერთი!
– თან მზეა და თან ღამე?
– ჰო, და იმდენად ნათელია, რომ უკუნია, ღამეა ადამიანის თვალისათვის, ამიტომ არის მზიანი ღამე! – აუხსნა მღვდელმა.
მილიციელს გაეცინა.
– ახედე მზეს! – უბრძანა უცებ მღვდელმა მილიციელს.
მილიციელმა ახედა და, რომ ვერ გაუძლო ნათელს, თვალი აარიდა.
– გაუსწორე თვალი! – ისევ უბრძანა მღვდელმა.
– ვერ ვუსწორებ, მამაო!
– უყურე, უყურე დიდხანს.
მილიციელმა თავს ძალა დაატანა. როგორც მჭრელი დანა, ისე სჭრიდა შუქი თვალის გუგებს, მაგრამ შერცხვა და გაუძლო.
– რა ფერია? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ მღვდელმა.
– სპილენძისფერი!
– კიდევ უყურე.
მილიციელს ისე მოეჩვენა, თითქოს მზე ჩამოეღვენთა თვალებში და უნებურად ხელი აიფარა თვალებზე. აიფარა და განცვიფრდა.
– გაშავდა, მამაო, – თქვა მან ათრთოლებული ხმით. – მზე გაშავდა!
მღვდელი შებრუნდა და მანქანისაკენ წავიდა.

– გესმის? – ჰკითხა ზღვამ მზეს.
– მესმის. – თქვა მზემ და დღე გააშუადღევა.
– რასაც ამბობენ შენს შესახებ, მართალია?
– სისულელეა. მე სულ სხვა ვიღაცა ვარ, თვითონ იცი, ადამიანს ამის ახსნა არ შეუძლია.
– რა ვიცი, შენი შექმნილი ადამიანი ეგ არის. – გაეცინა ზღვას.
– ტყუილია ეგ. მე მაგის შექმნაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე რომ მოვედი, ეგ უკვე არსებობდა. მე მაგისათვის სახელი არ შემირქმევია.
თვითონ შეირქვა ადამიანი, და არ ვიცი, ვინ არის, როდის გაჩნდა და საიდან მოვიდა. – დაიბანა მზემ ხელი და რაც სხივი ჰქონდა, ყველა დედამიწაზე დაუშვა.

* *
– ეåëüôèí, ÿ ÷ჭéêჭ, ñïðჭâჭ îò âჭñ ხîëüøîé êîñÿê! – გადასცა სეინერს ვერტმფრენმა.
– წ ჰåëüôèí, âჭñ ïîíÿë! – უპასუხა სეინერმა და ზღვაში უშველებელი ბადის ჩაშვება დაიწყო. ლურჯ ტალღებზე თეთრი ტივტივების მრავალწერტილი გაჩნდა.
– შემოდით უფრო ღრმად, ადამიანები მოგდევენ! – გააფრთხილა ზღვამ თევზების ქარავანი.
თევზებმა პირი იბრუნეს და შუა ზღვისაკენ გაეშურნენ.
– ეåëüôèí, êîñÿê óõîჰèò âëåâî, êóðñ ïðîòèâ ñîëíöჭ! კóðñ ïðîòèâ ñîëíöჭ! – გააფრთხილა ვერტმფრენმა სეინერი.
სეინერი უცებ შეტრიალდა, მზის საპირისპიროდ დადგა და მთელი სვლით მარცხნიდან დაუწყო შემოვლა თევზების ქარავანს. ტივტივების მრავალწერტილი მოირკალა და ცოტა ხანში წრედ შეიკრა.
– ქვევით, ქვევით!
მოუხმო ზღვამ თევზებს, მაგრამ ქარავანი უკვე ბადეში იყო.
– ვñòü! – მოულოცა ზევიდან ვერტმფრენმა სეინერს.
– ჟïჭñèხî! – შეუთვალა სეინერმა ვერტმფრენს.
– გათავდა! – ამოიგმინა ზღვამ.
ბადე ამოზიდეს და ზღვა ბადეში საკუთარი სიმძიმით დასრესილი თევზის სისხლით შეიღება. გემბანი გამყივარი, მშიერი თოლიებით გაივსო, სანაპიროს კი თევზის მოყვარული და მოსეირე ადამიანები მოაწყდნენ. მზემ ოქროს ხელი ამოურია თევზით სავსე ბადეში, მერე ვერცხლის ხურდასავით დაყარა თევზი სეინერის გემბანზე და სისხლიანი ხელი ზღვაში ჩაყო გასაბანად.
– ყოველ ცისმარე დღე ასეა! – შესჩივლა ზღვამ მზეს.
– ყოველ ცისმარე დღე ამის ცქერა შეუძლებელია! – თქვა მზემ და პირი ოდნავ დასავლეთისაკენ იბრუნა.

* *
პირველი საათიდან ოთხამდე ადამიანები ისე გაქრნენ ერთად, გეგონებოდა მიწამ ჩაყლაპაო, მერე ისევ ერთად გამოძვრნენ სოროებიდან და ოთხი საათიდან დაახლოებით იმისივე კეთება დაიწყეს, რასაც დილის ექვსი საათიდან დღის პირველ საათამდე აკეთებდნენ.
მზე ახლა დასავლეთის თეთრ, ქათქათა ღრუბელზე იწვა და ქვეყანას ალმაცერად უმზერდა. მზე არაფერზე არ ფიქრობდა და როდესაც სულ უფრო და უფრო დაიხარა და მკვდრის მზე გახდა, ზღვამ შეატყობინა:
– ის ადამიანი, შენ რომ დილით მიატოვე, მზეო, მოკვდა.
– გაქრა, გათავდა? – შეწუხდა მზე.
– არა, ადამიანები არ ქრებიან და არ თავდებიან.
– მაშ, რა დარჩა?
– მამა – უბედური და ცოლი – უბედური!
– მეტი არაფერი? – ეცოტავა მზეს.
– ესკიზი დარჩა ქანდაკების, სულ პატარა, დაუმთავრებელი ესკიზი…
– ვისი ქანდაკია?
– არ ვიცი, თავი არა აქვს. არც ის ვიცი – ქალია თუ კაცი.
– რა მინდაო?
– ლამაზი ტანი აქვს, თხელი და მოქნილი, ძალიან მაღალი თეძოებითა და გრძელი, გაშლილი მკლავებით: არ ვიცი, მღერის, ცეკვავს, მიცურავს, გაფრენა უნდა, ეხვევა ვინმეს, ან რამეს, იცინის თუ ტირის. იქნებ გარბის სადმე, ან გაურბის რამეს, არ ვიცი…
– მაშ, ვინ იცის, რა უნდოდა?
– ალბათ არავინ. ფიქრი თან გაიყოლა.
– ადამიანებმა თვითონ არ იციან, რა უნდათ, – თქვა მზემ.
– მაგას ნუ იტყვი, მზეო, – დაანამუსა ზღვამ.
– სიკვდილის წინ არაფერი უთხოვია? – იკითხა მზემ.
– ჰაერი ითხოვა.
– მერე?
– მისცეს! – უთხრა ზღვამ.
– მერე?
– არ ეყო.
– ჰაერი არ ეყო? – გაუკვირდა მზეს.
– არა, – თქვა მწუხარედ ზღვამ.
მზემ აღარაფერი თქვა. ღრუბელს მოეფარა.
ზღვა ოდნავ აღელდა.

* *
საღამოს, როდესაც მზის ჩასვლას სამი თითის დადებაღა აკლდა, მზემ კვლავ მოხედა ნაპირს, მაგრამ უკვე იმდენად დაბლა იყო, რომ მისი ჩაბრძანების მომლოდინე ადამიანებში ქალსა და კაცს ვეღარ არჩევდა. ყველა ერთნაირად, ოქროცურვილ შანდალივით იწვოდა ნაპირზე და ზღვის ნისლში გახვეული ყველა ერთნაირად ბოლავდა. მაშინ მზემ ოქროს მკლავი გადმოზიდა დასავლეთიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე, ნაპირზე დაგდებულ შავ კუნძს შეახო და ზღვას ჰკითხა:
– ეს კუნძი ახლა გამორიყე, თუ მანდ იყო და მე არ შემიმჩნევია? ზღვა ისე შეჩვეული იყო ამ კუნძის ნაპირზე ყოფნას, რომ ეს უკანასკნელი ხუთი წელია, ყურადღებას აღარ აქცევდა. მზემ რომ გაახსენა, შეხედა და გაეცინა:
– ეს კუნძი არ არის, მზეო, ადამიანია.
– ჰკითხე რა უნდა, რას აკეთებს აქ?
– რა უნდა ვკითხო? – რამდენჯერაც ვკითხე, იმდენჯერ რაღაც მთხოვა. არ იქნა მაგის სურვილის საწყაულის ამოვსება. შენ თვითონ ჰკითხე. – თავი აარიდა ზღვამ.
– მაინც რას გთხოვს?
– ჯერ იყო და, ამინდს მთხოვდა, მერე – შეშას, მერე – თევზს, მერე – ქვიშას, ნიჟარას, მარილს, მიწას მთხოვდა. ეს უკანასკნელი 33 წელია, შვილს მთხოვს, მეტს არაფერს. დამიბრუნეო ჩემი შვილი. მე საიდან დავუბრუნო შვილი? – ამოიოხრა ზღვამ.
– თუ წაართვი, დაუბრუნე! – უთხრა მზემ.
– მე არ წამირთმევია, სხვამ წაართვა, მერე იმ სხვამ მე გადამაბრალა. – იმართლა თავი ზღვამ.
– უთხარი, მზეს უნდა შენთან ლაპარაკი-თქო. – დაავალა მზემ.
– ადამიანო, მზეს უნდა შენთან ლაპარაკი. – შეახო ზღვამ შიშველ ფეხზე სველი ხელი. ადამიანი არ განძრეულა.
– ადამიანო, შენ გესმის ჩემი თუ არა? მე მზე ვარ და შენთან ლაპარაკი მინდა.
– ბრძანე! – უპასუხა ადამიანმა და მზეს ირიბად ახედა.
– შენ იცი ჩემი ენა, რომ მელაპარაკო?
– ვიცი, შენიც და ზღვისაც.
– მაშ, რატომ არ სცემ ხმას? – ჰკითხა მზემ.
– მე რაც მქონდა სათქმელი ზღვისთვის, ახალგაზრდობაში ვუთხარი.
ახლა არაფერი საქმე არა მაქვს მასთან, შვილის გარდა.
– შეუძლებელს მთხოვ.
– ჩემსას ვთხოვ და არა მოწყალებას. უნდა დამიბრუნოს. – თქვა ჯიუტად ადამიანმა.
– ამაყი ხარ შენ, ადამიანო! – უთხრა მზემ.
– ვარ! – უპასუხა ადამიანმა. – ძლიერიც ვარ! – დაუმატა.
– მაინც რა შეგიძლია? – ჰკითხა მზემ.
– შენ რა შეგიძლია? – ჰკითხა ადამიანმა.
– მე ყველაფერი: ზღვის დაშრობა, ტრამალის გადაწვა, ტყის უდაბნოდ ქცევა, სიცოცხლის ჩაქრობა. – ჩამოთვალა მზემ.
– კიდევ? – ჰკითხა ადამიანმა ღიმილით.
– კიდევ აი, რა!.. – წამოიძახა მზემ და უცებ წითელ, გამომწვარ ქოთანს დაემსგავსა, მერე – დამხობილ ჭურს, სოკოს, ნემსის ყუნწს, მერე თავის თავში გაძვრა და კურდღლად იქცა, მერე – მგლად და ის კურდღელი გადასანსლა, მერე სპილოდ გადაიქცა, მერე – ლომად, მერე – ვეფხვად, მერე – კატად, მერე – თასად, მერე – ჩაიდნად, მერე – ფიალად, მერე – საყურედ, მერე – ყელსაბამად, მერე – სამეფო გვირგვინად და ბოლოს კვლავ მზედ იქცა. – ახლა მე მალე ჩავალ და ქვეყნად წყვდიადს დავტოვებ, ის წყვდიადიც მე ვარ, მე ვარ ყველაფერი!
– თქვა არაქათგამოცლილმა მზემ და ცის კიდურზე მიესვენა.
ადამიანს ისევ გაეცინა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა მზემ.
– ყველაფერი ვარ მე, ადამიანი, – თქვა მან.
– მაჩვენე, რა შეგიძლია! – გამოიწვია მზემ.
– მე შემიძლია, სულ გაგაქრო შენ, რადგან შენ ხარ ჩემში. მე შემიძლია ისე გავაკეთო, რომ შენ აღარ იარსებო ჩემთვის. თან ისე უბრალოდ, რომ გაგეცინება. – უთხრა ადამიანმა და თვალზე ხელი აიფარა. – მორჩა, აღარა ხარ!
– თავხედი ყოფილხარ. – უთხრა განცვიფრებულმა მზემ.
– ვარ! – არ უარუყვია ადამიანს. – მე შემიძლია უარესი გიყო, დაგშალო, დაგაწიწილაქო, გაგაპატარაო. – უთხრა ადამიანმა და ქუთუთოები საფეთქლებისაკენ გაზიდა საჩვენებელი თითებით.
მზემ იგრძნო, როგორ დაიშალა იგი უცებ ადამიანის თვალის გუგებში, როგორ დაპატარავდა, გაათდა, გაასდა და დაწვრილმანდა. იგრძნო და სული შეეხუთა.
– ადამიანო, გამიშვი ხელი! – სთხოვა მან. ადამიანმა ხელი გაუშვა თვალთა ქუთუთოებს.
მზემ შვებით ამოისუნთქა.
– აკი გითხარი, ჩემში ხარ-მეთქი! მე ვარ სამყარო და შენ მე მემსახურები. აი, ახლაც იმიტომ ჩადიხარ, რომ ჩემს იმიერ ძმას ეახლო, ხვალ კი კვლავ მე მეახლები, რათა მთელი დღე მემსახურო.
– რომ არ გეახლო? – თქვა მზემ, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, საკუთარი თავის აღარ სჯეროდა.
– დილის ექვს საათზე, ისე რომ წუთი არ დააკლდება, მეახლები და მემსახურები! – გაუმეორა ადამიანმა.
– გესმის? – ჰკითხა ზღვას შეურაცხყოფილმა მზემ.
– მესმის! – უპასუხა ზღვის მაგივრად ადამიანმა. ზღვა უკვე თვლემდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი ესმოდა, ოღონდ ლაპარაკი ეზარებოდა, ამიტომ დუმილი არჩია და თავი მოიმძინარა.
მზე გადაირია. იგი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან ადამიანის ჯიბრით, მაგრამ დრო, ყველაფრის უფალი დრო, თავისას აკეთებდა.
მზე უკვე ნახევრად ჩასულიყო ზღვაში.
– ადამიანო! ყველაფერს თავისი ადგილი აქვს სამყაროში. ძროხამ იცის, რომ დედამიწაზე უნდა იცხოვროს და იბალახოს, დელფინმა იცის, რომ ზღვაში უნდა იცხოვროს და თევზზე ინადიროს, ჩიტმა იცის, რომ ცაში უნდა იფრინოს და ხეზე იძინოს. ქვეწარმავალმა იცის, რომ მუცლით უნდა იხოხოს და მიწაში იცხოვროს… რა გახდა შენთვის, ამ ქვეყანაზე ადგილი რომ არ მოიძებნა! რატომ დაძრწი და არ იცი, სად იცხოვრო: ზღვაში, ხმელეთზე თუ ცაში. ან ცაში დაეტიე, ან ხმელეთზე, ან ზღვაში… ბოლოს და ბოლოს, ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა, ადამიანო? – აღმოხდა მზეს.
მისი ბოლო სიტყვები ადამიანს აღარ გაუგონია, რადგან მზე თითქმის ჩასული იყო და რაც თქვა, ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფმა კაცობრიობის მხოლოდ მეორე ნახევარმა გაიგონა. ისიც ბუნდოვნად. მზემ უკანასკნელად გაიბრძოლა და თვალის კუნჭული შეავლო დაცარიელებულ ნაპირს. იმ ადამიანის გვერდით ახლა მეორე პატარა ადამიანი იდგა.
– ვის ელაპარაკები, ბაბუ? – ჰკითხა პატარა ადამიანმა დიდს.
– არავის, ჩემს თავს ველაპარაკები! – გაუღიმა დიდმა.
– შეხედე, მზის ადგილზე მწვანე შუქი აინთო, – გაახედა პატარამ.
– ვინც ჩამავალი მზის მწვანე ნათელს დაინახავს, ბედნიერი იქნებაო, ასე ამბობენ. – უთხრა დიდმა ადამიანმა პატარა ადამიანს და თავზე ხელი დაადო.
იმ დღეს, იმ ბავშვის გარდა, მზის მწვანე შუქი თითქმის არავის დაუნახავს.

* *
მეორე დღეს მზე დაბარებულივით გამოცხადდა ექვს საათზე და ოქროს ჯიღასავით დაადგა ერცახუს მთას.

 

ნოდარ დუმბაძე

Leave a comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s